„ქრისტიან–დემოკრატების“ წევრის, ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ერთადერთი პოზიტივი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის მოხსნაა.
„ჩვენთვის პოზიტივია, რომ სუბელიანი გადააყენეს, რომლის უნდობლობის საკითხიც „ქრისტიან–დემოკრატებმა“ პარლამენტში ორჯერ დავსვით და უმრავლესობამ მაშინ ის ფასონის გამო გადაარჩინა“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან–დემოკრატების“ მოთხოვნა კობა სუბელიანთან დაკავშირებით, როგორც ჩანს „ვიღაცის თავში“ შევიდა.
დღეს პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დარეგისტრირდა, რომლის განხილვაც დღესვე კომიტეტებსა და ფრაქციებშია დაგეგმილი.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი.
