დღეიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
დღეიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
08:56 09.10.2017
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ გამართავს უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“ პრეზენტაციას. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის და მას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი იქნება საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, კოფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები. მოსახლეობის სწორად ინფორმირების მიზნით, კამპანიის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართება ტრენერთა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წარუძღვებიან საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში და, თავის მხრივ, უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებსა და პირობებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას: აუხსნიან თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანიის მიმდინარეობისას, შეხვედრებზე, რეგიონების მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა.

კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

ბეჭდვა