ვეფხვაძე - ახალ თანამდებობებზე წარდგენილ მინისტრებს ძველ ადგილებზე განსაკუთრებულად ღირებული არაფერი შეუქმნიათ
ვეფხვაძე - ახალ თანამდებობებზე წარდგენილ მინისტრებს ძველ ადგილებზე განსაკუთრებულად ღირებული არაფერი შეუქმნიათ
12:55 03.07.2012
„ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ახალ თანამდებობებზე წარგენილი მინისტრებისგან განსაკუთრებულად ღირებულ სიახლეებს არ ელის.  ამის შესახებ ვეფხვაძემ სამათავრობო ცვლილებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე შეფასებით, ახალ თანამდებობებზე გადასულ მინისტრებს ძველ ადგილებზე განსაკუთრებულად ღირებული არაფერი შეუქმნიათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ვინ სად დაჯდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კრილოვის იგავ-არაკის არ იყოს, „დაკვრა იცოდნენ“, თუმცა, ამ მთავრობაში განსაკუთრებულ „დამკვრელებს“ ვერ ვხედავ“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს რეორგანიზაცია აუცილებელია, თუმცა, დეპუტატს ეჭვი ეპარება რომ ბაჩო ახალაია მისი დემოკრატიზაციისა და რეორგანიზაციის იდეებით იყოს განმსჭვალული.
დღეს პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დარეგისტრირდა, რომლის განხილვაც დღესვე კომიტეტებსა და ფრაქციებშია დაგეგმილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამ პოსტზე კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეა წარდგენილი. იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.


ბეჭდვა