„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე სამთავრობო ცვლილებებიდან ყველაზე მთავარ მოვლენად ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენას გამოყოფს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-ს კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ერთი უწყებიდან მეორეში მინისტრის გადანაცვლება არაფერს ცვლის.
„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-ს მინისტრად ქალბატონი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. საარჩევნო პერიოდში შსს ისეთ როლს თამაშობს, რომ სამინისტროს მამაკაცი უფრო მართავს. ეტყობა ჩვენი მთავრობა ამას ასე მიიჩნევს“ - განმარტა თარგამაძემ.
მისი თქმით, შსს-ს სამინისტროში ძირითადი კონტროლი შენარჩუნებული იქნება, ამის დასტური კი, შსს-ს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნაა.
რაც შეეხება დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრად წარდგენას, თარგამაძის განმარტებით, შაშკინს პედაგოგიური გამოცდილება არც განათლების მინისტრობის დროს ჰქონდა.
„შესაძლოა, შაშკინის მუნდირი შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს უფრო მოუხდეს, ვიდრე განათლების სამინისტროს, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებში მთავარი მაინც ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენაა“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები სააკაშვილის მთავრობისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს ყველაფერი, საზოგადოებისა და ამერიკელი მეგობრების რეაქციიდან გამოჩნდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამ პოსტზე კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეა წარდგენილი. იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.
