რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტი ახალაიას მერაბიშვილზე მეტად ენდობა
რამაზ საყვარელიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტი ახალაიას მერაბიშვილზე მეტად ენდობა
12:37 03.07.2012
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენა, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ვანო მერაბიშვილის მიმართ პრეზიდენტის ნდობის შემცირებაზე მიუთითებს.  ამის შესახებ საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაყვანა არა მისი დაწინაურება, არამედ დაქვეითება იყო.

„მერაბიშვილის პრემიერად წარდგენის დღიდან დაისვა კითხვა, ეს დაწინაურება იყო თუ დაქვეითება. იყო საუბარი, რომ თუ შს მინისტრად დაინიშნებოდა ისევ მერაბიშვილის კადრი, ანუ თუ ის სისტემაზე გავლენას შეინარჩუნებდა, მაშინ ეს საკადრო ცვლილება მისი დაწინაურება იყო, ხოლო თუ ამ თანამდებობაზე წარდგენილი იქნებოდა კადრი, რომელზეც მას გავლენა არ აქვს, მაშინ დაქვეითებად ჩაითვლებოდა, ანუ მას ჩამოაშორეს უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტრო“ - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ შსს ხელმძღვანელის პოსტზე ახალაიას დანიშვნამ ამ უკანასკნელი ვერსიის სისწორე ცხადი გახადა და ცვლილება მერაბიშვილის მიმართ უნდობლობით იყო გამოწვეული.

საყვარელიძის განცხადებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, მერაბიშვილს ახალაიაზე გავლენა არ აქვს.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

„როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში წინ წამოიწია ნდობის საკითხმა და პრეზიდენტი ახალაიას უფრო ენდობა, ვიდრე მერაბიშვილს“ - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ნდობა შს ყოფილი მინისტრისადმი, შესაძლოა, ივანიშვილის მიერ მერაბიშვილის მიმართ გამოთქმულმა კომპლიმენტებმა შეასუსტა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. განახლებული მთავრობის ახალი კანდიდატები დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე დაასახელა.
მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.




ბეჭდვა