მანანა კობახიძე - ახალაიას შსს-ს მინისტრად დანიშვნა ადასტურებს, რომ საქართველო პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოა
მანანა კობახიძე - ახალაიას შსს-ს მინისტრად დანიშვნა ადასტურებს, რომ საქართველო პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოა
12:26 03.07.2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებები არაფერს შეცვლის. ამის შესახებ  მან ჟურნალისტებს ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, რეალური სამთავრობო ცვლილებები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განხორციელდება.
„ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლება არაფერს შეცვლის. ბაჩო ახალაიას შსს-ს მინისტრად დანიშვნა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო პოლიციური რეჟიმის სახელმწიფოა“ - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ოქტომბერში შეცვლის.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. განახლებული მთავრობის ახალი კანდიდატები დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაასახელა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამ პოსტზე კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეა წარდგენილი.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.

ბეჭდვა