პარლამენტის რიგგარეშე სესია, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სესია, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება
12:19 03.07.2012
პარლამენტის რიგგარეშე სესიას, რომელზეც მთავრობის განახლებულ გუნდსა და პროგრამას   ნდობა უნდა გამოუცხადონ, სავარაუდოდ ხვალისთვის მოიწვევენ.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბიუროს სხდომა, სავარაუდოდ, 19:00 საათზე გაიმართება. მანამდე, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის განახლებული შემადგენლობა ფრაქციებში განიხილება.

მთავრობის შემადგენლობისა და პროგრამის საკითხის დაჩქარებულად განხილვას აპროტესტებს უპოზიციური ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“.

როგორც ფრაქციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი იმდენ ყურადღებას მაინც უნდა იმსახურებდეს, რომ იგი დეტალურად განიხილონ, გაანალიზდეს და არგუმენტები ერთმანეთს დაუპისპირდეს.

“ვჩქარობთ იმიტომ რომ ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს. თუ თქვენ ამას არ ეთანხმებით, თქვენი უფლებაა. შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ, არ განიხილოთ და შეგიძლიათ საერთოდ არ მოხვიდეთ ხვალ სხდომაზე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ, მთავრობაში გადაადგილებები მოხდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.


ბეჭდვა