საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრები პარლამენტში დღეს 14.00 საათიდან დაიწყება.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, 14.00 საათზე გაიმართება კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. 15.00 საათზე დაიწყება ფრაქციებთან შეხვედრა. პირველად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები შეხვდებიან, 15.30 საათზე გაიმართება შეხვედრა ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატებთან“, 16.00 საათზე - ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“. 17.00 საათზე აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს.
ხუროშვილის განცხადებით, ნახევარ საათიანი ინტერვალები ფრაქციებს შორის არ ნიშნავს იმას, რომ განხილვა მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდება. მისი თქმით, მინისტრები როტაციის პრინციპით გადაინაცვლებენ ფრაქციებში.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ, მთავრობაში გადაადგილებები მოხდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.
