ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა
ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესზე და მიმდინარე წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე.
უწყების ინფორმაციითვე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა ირლანდიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ და გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.
