მანანა მანჯგალაძე - პრიორიტეტი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მუშაობაა
მანანა მანჯგალაძე - პრიორიტეტი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მუშაობაა
11:55 03.07.2012
საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის პრიორიტეტი ქვეყნისა და ხალხის მიერ მეტი სარგებლის მიღებაა. ეს განცხადება პრეზიდენტის  პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა და მთავრობის ახალი პროგრამა დღეს დილით გადაუგზავნა.
მანჯგალაძის თქმით, მთავრობის ახალი პროგრამა საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, სამ ძირითად მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას, ესენია - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, დღესვე, პარლამენტში იგეგმება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის გაცნობა დეპუტატებისთვის და მათი მოსმენა.
მინისტრთა კაბინეტის შეცვლის შედეგად, შს მინისტრის პოსტზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინის კანდიდატურა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე - ხატია დეკანოიძე. ცვლილებები, ასევე, შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის თანამდებობას. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ამ პოსტზე მთავრობას კიდევ ერთი ქალბატონი დალი ხომერიკი შეემატება. შემოღებულია დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომელზეც პაატა ტრაპაიძის კანდიდატურაა წარდგენილი.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს და უმოკლეს ვადაში შეძლებს საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას.

ბეჭდვა