საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, განახლებული მთავრობა იმ გამოწვევებს პასუხობს, რომლის
წინაშეც დღეს საქართველო დგას.
“საქართველო ისეთი სერიოზული გამოწვევების წინაშეა, როგორიცაა სოციალური და ეკონომიკური, ასევე ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ეს მთავრობა ყველა ამ გამოწვევას პასუხობს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ სამთავრობო ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ დროს, როდესაც საქართველოს საზღვრებთან რუსეთს სამხედრო წვრთნები აქვს დანიშნული.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კითხვაზე - შეძლებდა თუ არა გილაურის მთავრობა იმავე გამოწვევებთან გამკლავებას, აღნიშნა, რომ ნიკა გილაურის პრემიერობის პერიოდში სირთულეების გამკლავება შესაძლებელი იყო, თუმცა, მინისტრთა კაბინეტს განახლება მაინც სჭირდებოდა.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.
