საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება
საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას სპეკულირების მიზნით იყენებს. აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებაზე კიდევ უფრო სუსტია.
„უკრაინის ხელისუფლება თავიდანვე მემუქრებოდა, რომ თუკი ქვეყანაში ჩამოვიდოდი, საზღვარზე დამაკავებდნენ და ქართულ მხარეს გადამცემდნენ. საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო სუსტია ვიდრე უკრაინის და ჩემი იქ ჩასვლის ეშინია. უკრანული მხარე ამ საკითხს სპეკულირების მიზნით იყენებს. რაც შეეხება დამატებითი დაცვის მოთხოვნას, ეს ფორმალური პროცედურაა და ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საზღვარზე ჩემი პასპორტის შემოწმებაზე მესაზღვრეებმა უარი მითხრეს. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით უკრაინას მივმართე, რათა ჩემი ქვეყანაში ყოფნის კანონიერი საფუძველი მქონოდა. მოქალაქეობის არქონა ხელს არ მიშლის იმაში, რომ უკრაინის რეგიონებში შეხვედრები განვაგრძო და ათასობით ადამიანს შევხვდე. 17 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტს მთელ რიგ კონკრეტულ მოთხოვნებს გადავცემთ. თუკი ის ხალხის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ ვურჩევ გადადგომის ვარიანტი განიხილოს,”-განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
