პრემიერი: ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, არასწორია
პრემიერი: ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, არასწორია
12:15 03.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ჯერ პრორუსულად წარმოაჩენდნენ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს, რადგან, მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება პრემიერის თქმით, პროდასავლურ მიმართულებას უკავშირდება - მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-თან, რომელთანაც არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა.

„დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ. რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო - როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოპონენტები გააფთრებულები იბრძვიან, თუმცა მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს.

„ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი - სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბეჭდვა