მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.
დღესვე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტებსა და ფრაქციებში მისი განხილვის საკითხს, ასევე, იმსჯელებს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თარიღზე, სადაც მთავრობას და პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც მთავრობა მუშაობას შეუდგება.
სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირის პარასკევამდე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დანიშნა, შესაბამისად, მერაბიშვილი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს და ასევე ახალ სამთავრობო პროგრამას, რომელიც ოთხ წელზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, იქმნება დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მერაბიშვილმა ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა. უცნობია ვინ დაინიშნება მერაბიშვილის ნაცვლად შს მინისტრის პოსტზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალიას, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის და შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის კანდიდატურები განიხილება.
