პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპირებებს, მორიგ ტყუილს უწოდებს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, მერაბიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოსვლას დიდი ყურადღებით ეცნობა.
მისი თქმით, მერაბიშვილმა იგივე პრიორიტეტებზე დაიწყო ლაპარაკი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა, თუმცა, ერთი რამ ვერ გათვალა.
„რვა წელია ეს ადამიანები, მისი ჩათვლით, ხალხს ამ საქმეს ჰპირდებიან, მაგრამ არ შეუსრულებიათ. ყველა დაპირება პრაქტიკულად პირგატეხილია. რაც ხდება სოფლის მეურნეობის სფეროში, კარგად ვხედავთ. როგორ ეპყრობიან ადამიანების კერძო საკუთრებას, ამასაც ვხედავთ“ – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, დაპირებები, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას ეხებოდა, არ არის შესრულებული, კვლავ არ არის დაძლეული სიღარიბე.
„საზოგადოება თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო ფარსია“ - განმარტა ალასანიამ.
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გლდანში, პროფესიული გადამზადების მშენებარე ცენტრის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე მთავრობის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი, რომელთაც ელემენტარული პირადი პრობლემების მოგვარებაც არ შეუძლიათ. მან მთავრობის პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება, დასაქმება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა დაასახელა. ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა ოჯახი მთავრობისგან 4 წელზე გათვლილ 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
