პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის ივანე მერაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემის თაობაზე, საზოგადოების წინასაარჩევნო მანიპულაციის შეფასებას აძლევს.
როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემის დაპირებით იწყებს და ეს პირდაპირ აღიქმება მმართველი სახელისუფლებო ძალის მხრიდან საზოგადოების მანიპულაციად.
ამასთან, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ციფრებითაც მანიპულირებს და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების 3-4 მილიარდიან დაფინანსებაზე საუბრობს, მაშინ, როცა ეს მისივე თქმით, ოთხ წელიწადზეა გათვლილი.
„ეს ციფრებით მანიპულირებაა, რადგან, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ორ მილიარდზე მეტს ჩადებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, თითქოს, ის მეტს გაიღებს, მაგრამ ისინი საუბრობენ ოთხ წელიწადზე, რაც ფაქტიურად დღევანდელი საბიუჯეტო პარამეტრების განმეორებაა“ - განაცხადა დეპუტატმა.
