პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ამ წუთებში კონსტიტუციის ახალ პროექტს განიხილავენ,
ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.
„არ გაქვთ უფლება, რომ აიღოთ და ეს კონსტიტუცია და მოირგოთ თქვენ თავზე. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე. თქვენ ყველა აზიანებთ ქვეყანას. ჩვენ შემოგთავაზეთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა ამ ჩიხიდან გამოსვლისა. ოპოზიციური პარტიები რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით შევჯერდით, ვიპოვეთ კონსენსუსი, იმიტომ რომ ეს საჭირო იყო ქვეყნისთვის. ჩვენ შემოგთავაზეთ პლებისციტი, რომ თუ ჩვენ გავიჭედეთ პოლიტიკურ პროცესში, მოდი ვკითხოთ ხალხს. თქვენ ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ უამრავი მნიშვნელოვანი შენიშვნა, პრეზიდენტმა მოახერხა და განსახვევევულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზათ გამოსავალი. ეს თქვენ არაფერი არ გაინტერესებთ, ერთადერთი გაინტერესებთ, რომ ჩამოებღაუჭოთ ხელისუფლებას“- განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით განიხილება. ახალ პროექტს დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან.
