საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის
თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა, რომელიც თბილისში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას დაეთმო ყურადღება.
