მთავრობის სამოქმედო პროგრამა ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება
მთავრობის სამოქმედო პროგრამა ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება
16:34 02.07.2012
ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამა ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დღის მეორე ნახევარში პარლამენტში სამთავრობო პროგრამა შევა, თუმცა, ის ოფიციალურად ხვალინდელ ბიუროზე დარეგისტრირდება.
ამასთან, ბაქრაძემ საკითხით დაინტერესებულ ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა მთავრობის საპარლამენტო მდივანს და იურიდიულ დეპარტამენტს ინფორმაცია მიაწოდონ სურთ თუ არა მთავრობის ახალ წევრებთან ერთად პროგრამის განხილვა.
„მოგიწოდებთ, ყველა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და იურიდიულ დეპარტამენტს რათა შევადგინოთ როგორი გრაფიკით მოხდება პროგრამის განხილვა“- მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით გრაფიკი ხვალ, ბიუროს სხდომისთვის უკვე მზად უნდა იყოს.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე, რათა მათ შეძლონ თავისი საქმიანობის დროულად დაწყება“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

ბეჭდვა