„ერთობა სამართლიანობისთვის” ვანო მერაბიშვილს და მის გუნდის ფრაქციის სხდომაზე იბარებს
„ერთობა სამართლიანობისთვის” ვანო მერაბიშვილს და მის გუნდის ფრაქციის სხდომაზე იბარებს
16:15 02.07.2012
პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ივანე მერაბიშვილისა და მთავრობის  ახალი შემადგენლობის ფრაქციის სხდომაზე განხილვისას დასწრებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა გია ცაგარეიშვილმა დღეს განუცხადა.
“ბატონი მერაბიშვილი და ყველა მინისტრი აუცილებლად უნდა მობრძანდნენ ფრაქციის სხდომაზე და წარმოგვიდგინონ თავისი შეხედულებები და მათთან ერთად უნდა განვიხილოთ ყველა საჭირბოროტო საკითხი“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ფარქციის ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც კონსტიტუციას და რეგლამენტს ეყრდნობა.
რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო ახალ პროგრამას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის ძველისგან განსხვავებული არ იქნება და „წინასაარჩევნოდ მრავალჯერ გადაწერილი პროგრამა იქნება“.
“დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი პრემიერის პოსტზეც ისე მოიქცევა, როგორც ამას შს მინისტრობისას აკეთებდა, როდესაც მიტინგებს არბევდა, ხალხს იტაცებდა და მათ პირდაპირ ქუჩაში კლავდა. მერაბიშვილმა ქვეყანაში პოლიციური ტერორი დაამყარა. ის ქვეყანას ისე მართავს, როგორც მიხეილ სააკაშვილს აწყობს“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება შს ახალი მინისტრის კანდიდატურას, ცაგარეიშგვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ის პიროვნება, რომელიც მერაბიშვილს აწყობს.
მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამოქმედო პროგრამას პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს და ნდობას გამოუცხადებს.

ბეჭდვა