პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის ივანე მერაბიშვილის მიერ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის წარდგენა საპარლამენტო უმრავლესობისთვის
მოულოდნელი იყო.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან უმრავლესობის წევრების თათბირის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„მოულოდნელი იმდენად იყო, რამდენადაც ტრაპაიძე პოლიტიკური ფიგურა არ არის და შესაძლოა, ვინმე ელოდა, რომ მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო ამ საკითხებზე პასუხისმგებელი“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ასეთ პოსტზე თავისი ხიბლი პოლიტიკოსსაც აქვს, თუმცა, არანაკლებ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან მოსული ადამიანი ინიშნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრად.
„მან უშუალოდ იცის, რა უჭირს ბიზნეს-სექტორს და სჭირდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაასაქმოს და რა უჭირთ თვითონ ადამიანებს, რომ მოიპოვონ სამუშაო ადგილები“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად დღეს ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი იყო.
