გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროსა და კაბო ვერდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. დოკუმენტს ქ. ნიუ-იორკში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და კაბო ვერდეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლუის ფილიპე ლოპეს ტავერესმა. მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობას.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ასევე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრთან ჩარლზ ფერნანდესთან. მიხეილ ჯანელიძემ თანაგრძნობა გამოუხატა ქვეყნის პრემიერს ბუნებრივი სტიქიით, კერძოდ ქარიშხალ "ირმას" მიერ მიყენებული მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სხავადასხვა მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრა გაიმართა ასევე სენტ ლუსიის პრემიერ-მინისტრთან ალენ მიშელ ჩასტენთან. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის წარმატებული ურთიერთობები გაეროს ფარგლებში. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები, განსაკურებით კი საერთო ინტერესის მქონე ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის ტურიზმი, განათლება, კლიმატის ცვლილებები და კარგი მმართველობა.
როგორც ანტიგუა და ბარბადოსის, ასევე სენტ ლუსიის პრემიერ-მინისტრები დაინტერესდნენ კარგი მმართველობისა და სამოქალაქო სერვისების სფეროში საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარებით. მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობის ინიციატივის OGP თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ.
