ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემას ისევე შეებრძოლება, როგორც
წლების განმავლობაში კრიმინალსა და კორუფციას ებრძოდა.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, გლადანში პროფესიული გადამზადების მშენებარე ცენტრის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა წარადგინა და ასევე, მთავრობის პროგრამაზე ისაუბრა.
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა - იზრდება ეკონომიკა, ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, თუმცა, ბევრმა ოჯახმა ეს სიკეთე საკუთარ თავზე ჯერ ვერ იგრძნო“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, ხოლო მთავრი ამოცანა - თითოეულ სოფელზე, ქალაქსა და ოჯახზე ქვეყნის წინსვლის შედეგების ასახვა.
„ვაპირებ, უმუშევრობას ისე შევებრძოლო, როგორც წლების განმავლობაში ვებრძოდი კრიმინალსა და კორუფციას. მინდა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანად შევცვალოთ სიტუაცია“ - აღნიშნა ახალმა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაცია, რა პროფესიის ადამიანები არიან დაუსაქმებლები ან რა პროფესიებზეა მოთხოვნა.
ამასთან, მერაბიშვილის თქმით, დღეიდან ბიუჯეტის ნებისმიერი მუხლის დაგეგმვის, ახალი ინიციატივისა თუ პროექტის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება - რამდენად ემსახურება ის მოქალქეების დასაქმებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 30 ივნისს წარადგინა.
