დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად პაატა ტრაპაიძე დასახელდა
დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად პაატა ტრაპაიძე დასახელდა
14:29 02.07.2012
ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად დღეს ბიზნესმენი პაატა  ტრაპაიძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი იყო.
მისი თქმით, ტრაპაიძის კანდიდატურა, მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს ხვალ წარედგინება დასამტკიცებლად.
მერაბიშვილის განცხადებით, პაატა ტრაპაიძე არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში ჩართული.
„მას დასაქმების დარგში დიდი გამოცდილება აქვს. აშენებული აქვს რამდენიმე ათეული და შეიძლება რამდენიმე ასეული კილომეტრი გზა, უამრავი ხიდები და გვირაბები. მან შექმნა სხვადასხვა ტიპის საწარმოები, მარტო ერთ საწარმოში საქართველოს 700 მოქალაქე დაასაქმა“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პაატა ტრაპაიძე და ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება.
„უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება კონცეფცია, შეიქმნება უმუშავერთა ბაზა და აღიწერება საქართველოში ყველა უმუშევარი და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვაკანსია. სამინისტრო დაეხმარება სამსახურის მაძიებელ ადამიანებს“ – განმარტა მერაბიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში შემოღებულ იქნება სამსახურის მაძიებლის სტატუსი.


ბეჭდვა