საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ტაილანდის სამეფოს ელჩი საქართველოში
(რეზიდენციით ქ. ანკარა) სუვატ ჩირაპანტი მიიღო. მოლაპარაკებების დაწყებამდე ტაილანდის ელჩმა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ხალხთა შორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ტაილანდს შორის სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში ურთიერთობების განვითარების პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიური მუშაობისკენ. ამ მიზნით, აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ამოქმედების მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს, რომ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძესა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დონ პრამუდვინაის შორის ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ოქმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ. აღინიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ წელს საქართველოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე გაცვალეს მისალოცი წერილები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს.
