საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, კონტროლის პალატას სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარეს გენერალური
აუდიტორი ეწოდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატიდან აცნობეს.
როგორც პალატის ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელწოდების შეცვლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს არ ითვალისწინებს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფლიო პრაქტიკა, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების 3 ძირითად სახეს იცნობს, მათგან ერთ-ერთი საპარლამენტო სისტემაა, რომელიც ვესტმინსტერული მოდელის სახელით არის ცნობილი.
„სხვა სახეებისგან მისი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მას ერთპიროვნულად არჩეული პირი მართავს, ხოლო თავად დაწესებულება საპარლამენტო ანგარიშვალდებულების სისტემის ნაწილია. ამ მოდელისთვის დამახასიათებელი სახელწოდება მსოფლიოში გავრცელებულია, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო მისი ხელმძღვანელი კანონმდებლობაში მოიხსენიება, როგორც გენერალური აუდიტორი“ - ნათქვამია კონტროლის პალატის ინფორმაციაში.
კონტროლის პალატის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს აუდიტის საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მიმდინარეობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი, რამაც საჯარო ფინანსების მართვაში უწყების ბუნება და როლი შეცვალა. მაკონტროლებელი საქმიანობის ნაცვლად, უწყება თანამედროვე, რისკზე დაფუძნებულ აუდიტს ახორციელებს.
სახელწოდების ცვლილების შესაბამისად, უწყების ახალი ვებ-გვერდი -www.sao.ge და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდი www.saomonitoring.ge შეიქმნა. აღნიშნული ვებ-გვერდები უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.
