მამუკა არეშიძე - მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა შსს-ში საქმინობისგან მის ჩამოშორებას უკავშირდება
მამუკა არეშიძე - მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა შსს-ში საქმინობისგან მის ჩამოშორებას უკავშირდება
14:02 02.07.2012
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის  პრემიერად გადაყვანა სამინისტროში მისი საქმინობიდან ჩამოშორებას უკავშირდება.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას არეშიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, როდესაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილი გარკვეულ კონტექსტში ახსენა, ხმები გავრცელდა, რომ მას შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შს-ს ყოფილ მინისტრის მომავალ საქციელთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდა.
„ეს ეჭვი შეიძლება შემდეგ გაღრმავდა. ერთი შეხედვით, ის შეიძლება დააწინაურეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩამოაშორეს ძალოვან სამინისტროს, რომელიც ქვეყანაში მდგომარეობას არეგულირებს და რომელზეც დღევანდელი რეჟიმი დგას“ - აღნიშნა არეშიძემ.
ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით პირველ განცხადებაში კარგ მენეჯერად, კარგ ორგანიზატორად და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებად მოიხსენია.
როგორც მაშინ გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი აღნიშნავდა, მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, მას ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე შეხვდა სააკაშვილი და უთხრა, რომ მერაბიშვილის თანამდებობიდან გაშვებას აპირებდა. თუმცა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტს გადაეფიქრებინა და სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მერაბიშვილი ბუნებით ერთგული კაცი, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი იყო.

ბეჭდვა