საქართველო და შვედეთის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
  საქართველო და შვედეთის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
15:21 20.09.2017
საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებმა მინისტრების მისალოცი წერილები გაცვალეს.

წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც საერთოფასეულობებზე და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, მუდმივად ვითარდება.

"ჩვენი თანამშრომლობის გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი მიღწევების ფონზე, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კავშირებს მხოლოდ წარსული კი არ ქმნის, არამედ აწმყოც და მომავალიც, რადგან ორივე ქვეყანა საერთო ღირებულებებს იზიარებს და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნას ესწრაფვის" - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მიხეილ ჯანელიძე წერილში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე საუბრობს და კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ქართულ-შვედური მეგობრობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარიდან იღებს სათავეს, კერძოდ, როდესაც შვედეთმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში გახსნა, ხოლო ათწლეულების შემდეგ სტოკჰოლმიიმ ევროპულ დედაქალაქებს შორის, სადაც საქართველომ დიპლომატიური მისია გახსნა ერთ-ერთი პირველი იყო.

დოკუმენტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერას ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში.

მიხეილ ჯანელიძე მისალოც წერილში საერთაშორისო არენაზე შვედეთის, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის თანა-ავტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უსვამს ხაზს.

წერილის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სურვილს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფონზე, თანამშრომლობა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაღრმავდეს.

თავის მხრივ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ულოცავს მიხეილ ჯანელიძეს და ქართველ ხალხს.

წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაძლიერდა.
მარგოტ ვალსტრომი ხაზს უსვამს შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მინისტრი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზეც საუბრობს მრავალი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის, კულტურის და განათლების სფეროებში. როგორც მარგოტ ვალსტრომი წერილში აღნიშნავს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში მნიშვნელოვანი ეტაპებია ევროკავშირთან და შვედეთთან ურთიერთობებში.

"ჩვენი დიალოგი ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, მომავალი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს" - აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის მისალოც წერილში.

ბეჭდვა