საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
12:09 02.07.2012
საქართველოს 4 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან სისტემატურ ურთიერთობას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომპეის ვიზიტის ფარგლებში საუბარი პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხება.
„დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მისიის საქართველოში არსებობას, თუნდაც დღეს არსებული პრობლემების პირობებში, როდესაც მისია ბოლომდე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მანდატს სრულად ვერ ახორციელებს“ - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული სადამკვირვებლო მისიის საქართველოში შენარჩუნების საკითხზე, საგარეო უწყება კონსულტაციებს უცხოელ პარტნიორებთან მართავს.
კალანდაძის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს, ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.

ბეჭდვა