„ქართულ ოცნებაში“ სააპელაციო სასამართლოს მიერ კოალიციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს არასამართლებრივს უწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებაზე და კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილებაა.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენი განცხადების განხილვა ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშინ, როცა საქართველოს სასამართლოებს ორი-სამი დღე ყოფნით გამოიტანონ ის გადაწყვეტილებები, რაც კოალიციისთვის საზიანოა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმება იყო.
პრესსპიკერის განმარტებით, ჯარიმის გადახდის ვადა 5 ივლისს იწურება. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა მცდელობა, ხელი შეუშალოს „ქართულ ოცნებას“, უშედეგო აღმოჩნდება.
„ხელისუფლების უკანონო ქმედებაა ისიც, რომ მან ყადაღა დაადო „ბანკი ქართუს“ და „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ს, ხოლო პროგრეს ბანკში - 21%-ს“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ „პროგრესს ბანკში“ ფლობდა წილს, ხოლო „ბანკი ქართუს“ 100% - იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფია“, „ქართუ ჯგუფის“ 100%-იან წილს კი, თავის მხრივ, ექვსი კომპანია ფლობს, საიდანაც ოთხი უცხოურია.
„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ უცხოურ კომპანიებში წილს მართლაც ფლობდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, მან იგი 2 მაისს გაასხვისა და თავის შვილს გადასცა.
„ამით დასტურდება, როგორ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. ეროვნული ბანკის განცხადება, რომ ივანიშვილი იყო „ქართუ ჯგუფის“ ბენეფიციარი, სინამდვილეს არ შეესაბამება“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
