გერმანიის ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერი ფილიპ მისფელდერი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, გერმანიის ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ-ის ფრაქციის აზრით, საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ინფორმაციის თანახმად, ეს არჩევნები პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ახალი სტანდარტების დამკვიდრების საშუალებას იძლევა.
„საქართველოს ეს შეუძლია, რადგან 2008 წლის 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ძირითადად, დადებითად შეაფასეს. შედეგებმა ამომრჩევლის ნება აჩვენა, არსებობდა რეალური ალტერნატიული არჩევანი, თუმცა, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მრავალრიცხოვანი, ცალკეულ უბნებზე ნაწილობრივ მძიმე დარღვევები და ის გამოწვევები, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში“ - აცხადებს ფილიპ მისფელდერი.
ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქცია, საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, სერიოზულად მიუდგეს და გაითვალისწინოს წინა არჩევნების ნაკლოვანებები, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებამდე ეუთოს ყველა საარჩევნო სტანდარტი შეასრულოს.
მისფელდერის განცხადებით, ეუთოს სტანდარტებს შორის, პირველ რიგში, ქვეყნის მედიაზე თავისუფალი წვდომა, საარჩევნო კამპანიის ჩატარების თავისუფლება, პოლიტიკური კონკურენტების თანასწორუფლებიანობა და ფარული არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საჯარო დათვლაა.
მისფელდერის ინფორმაციით, დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქციის სურვილი აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაა.
