ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
17:39 15.09.2017

ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, საჯარო სტრუქტურების და ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელმა მიიღო .

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა მიმართეს .

ბიზნეს-ფორუმის დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების სამართლებრივ რეგულაციებთან, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატთან და ლიბერალურ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ .

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებაზე კი სტუმრებს საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ და ყაზახურ ფოლკლორს და დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო.

ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატიო კონსულის ჟანატ ტუსუპბეკოვისა და ყარაგანდის აკიმის (გუბერნატორის) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ბეჭდვა