საქართველოს ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს პარლამენტში მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენს.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მის მიერ წარდგენილ პროგრამაში ზუსტად და თანმიმდევრობით იქნება გაწერილი რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა. მასში სამი მთავარი პრიორიტეტი შევა - დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
„ჩვენი გეგმა სწორედ ამ მთავარ პრინციპებს დაეყრდნობა. საქართველოს მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა“- აღნიშნა მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი წარდგენისას.
როგორც მან განაცხადა, პრემიერ-მინისტრის გუნდის მთავარი მიზანი ასევე, იმ გეგმის შექმნა იქნება, რომელიც საქართველოში საყოველთაო დაზღვევას უზრუნველყოფს.
„ჩვენი გეგმით გავაძლიერებთ ქართულ სოფელს და ქართველ გლეხს. ჩვენი გეგმა იმუშავებს ამ მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ყოველი თვე, ყოველი საათი, ყოველი წუთი მიმართული იქნება ამ სამი მთავარი საკითხის გადასაწყვეტად - დასაქმებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და სოფლის განვითარებისთვის“- განაცხდა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა 30 ივნისს დანიშნა. დღეს კი, პრემიერმა პარლამენტში ახალი პროგრამა და სამთავრობო გუნდი უნდა წარადგინოს.
