მიხეილ ჯანელიძე გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
20:33 14.09.2017
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან სუმან ბილასთან.

ინდოეთმა მიულოცა საქართველოს UNWTO-ს ფარგლებში მიღწეული უდიდესი წარმატება. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ინდოეთის მხარდაჭერისთვის.

ვიცე-პრემიერმა და ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ინდოელ ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა და ასევე წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იზრდება საქართველოში სამედიცინო სფეროში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდა ინდოელების რაოდენობა.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და კულტურულ კონტაქტებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNWTO-ს ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური.

ბეჭდვა