მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტში რიგგარეშე სესია დაინიშნება
მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტში რიგგარეშე სესია დაინიშნება
09:06 02.07.2012
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად და სამთავრობო პროგრამის განსახილველად, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიას დანიშნავენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
„მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად წარედგინება. კანდიდატურებისა და სამთავრობო პროგრამის დარგობრივ კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკს დღეს ბიუროს სხდომა განსაზღვრავს. ამასთანავე, ჩაინიშნება პლენარული სხდომაც“ - განაცხადა ხუროშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა წარდგენიდან ორი კვირის ვადაში უნდა დამტკიცდეს პარალამენტში, თუმცა, შესაძლებელია ვადების შემცირებაც.
რაც შეეხება ახალ ე.წ. უპორთფელო სახელმწიფო მინისტრს, რომელიც დასაქმების საკითხებით დაკავდება, როგორც ხუროშვილმა განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღება პრეზიდენტის ბრძანებულებით დგინდება და მას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება.
30 ივნისს, ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა და ახალი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის შესახებ განაცხადა.

ბეჭდვა