საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა.
დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას მიესალმა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო-იაპონიის მჭიდრო კავშირების შემდგომ განმტკიცებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე კერძო სექტორში.
შეხვედრისას საუბარი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წელს საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ფარგლებში თბილისსა და ტოკიოში გამართულ ღონისძიებებს და მაღალი დონის ვიზიტებს, რომლებიც არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პროცესს უწყობს ხელს.
ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაზრდის მნიშვნელობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩთან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა. ტადაჰარუ უეჰარას ასევე ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გაგრძელდეს.
