21 ოქტომბრის არჩევნებს ეუთოს 22 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება
18:21 13.09.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OშჩE/ODIHღ) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრენინგების და ინოვაციური სერვისების შესახებაც ისაუბრა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა წინასაარჩევნო გარემოზეც იმსჯელეს.
OშჩE/ODIHღ-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დღეიდან დაიწყო. OშჩE/ODIHღ-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის 22 დამკვირვებელი, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.