მიხეილ ჯანელიძის მოადგილე ქრისტიან დანიელსონს და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა
 მიხეილ ჯანელიძის მოადგილე ქრისტიან დანიელსონს და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა
15:43 13.09.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელთან, ქრისტიან დანიელსონთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან, თომას მაირ-ჰარტინგთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს . მხარეებმა ურთიერთობების დინამიკა, ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ასოცირების დღის წესრიგის“ უახლოეს პერიოდში დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მხარეებმა ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში დიალოგის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და მისი უწყვეტი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.



ბეჭდვა