ირანის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია
ირანის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო ირანელებისთვის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია
12:44 13.09.2017
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში საქათველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის ვიცე-პრეზიდენტთან, ირანის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ალი აშგარ მოუნესანთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები და მიესალმნენ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.

უწყების ინფორმაციითვე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატეს ორივე ქვეყნის დიდი ინტერესი განავითარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღნიშნეს საქართველოსა და ირანის შესაძლებლობები რეგიონის წარმოჩენის და მისი განვითარების თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები,რამაც კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ მზარდ ინტერესს და აღნიშნა, რომ ირანელებისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში ტურიზმის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ისშთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველ წელს იზრდება.



ბეჭდვა