ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ გამარჯვებას არჩევნების გზით მოიპოვებს
ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ გამარჯვებას არჩევნების გზით მოიპოვებს
20:25 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ კანონიერების გზას არ გადაუხვევს და გამარჯვებას მხოლოდ არჩევნების გზით მიაღწევს. ამის შესახებ დღეს მცხეთაში  კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცახდა.
მისი თქმით, საზოგადოება შეშფოთებულია იმ „უკანონო ქმედებების გამო, რომელსაც სააკაშვილი და მისი უსიტყვოდ მორჩილი სტრქუტურები“ მის და მისი გუნდის წინააღმდეგ ახორციელებენ, რაშიც ჩართულია სასამართლო შტოც.
„სააკაშვილი მათ აიძულებს უკანონო, საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილებების მიღებას. იგი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ხალხი აღშფოთებამ ქუჩაში გამოიყვანოს, მაგრამ ჩვენ არ ავყვებით მას და დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და მხოლოდ არჩევნებით გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველები ცივილიზებული ერია და დემოკრატიული ღირებულებები „მოთხოვნილებაა და არა თავს მოხვეული“.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა და არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც მას გააჩერებს.
„რაც არ უნდა დაგეგმოს ხელისუფლებამ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა ბოლომდე - გამარჯვებამდე მივა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მორიგ აქციას კოალიცია 15 ივლისს გორში გამართავს.


ბეჭდვა