„ქართული ოცნება“ მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალური კანონის ამოქმედებას აპირებს
„ქართული ოცნება“ მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალური კანონის ამოქმედებას აპირებს
20:18 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს აამოქმედებს, რომელიც მათი აზრით,ხელს შეუწყობს მთის სოფლების  აღორძინებას და მოსახლეობის დაბრუნებას. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთპიროვნული მმართველობის შედეგად სოფელი დაკნინდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში აღმოჩნდა, რადგან მათი უმრავლესობა მიწაზე შრომით ირჩენდა თავს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის სირცხვილია ის, რომ დღევნდელი ქართული სოფელი შიმშილობს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს თავის შენახვას და ოჯახის სარჩენად უცხოეთშია გადახვეწილი.

„დუშეთში, ყაზბეგში, თიანეთში, ამ მაღალმთიან რაიონებში მთლიანად მოშლილია მეცხოველეობაც და მიწათმოქმედებაც, მიწაზე მომუშავე გლეხი მარტო ვეღარ უმკლავდება თავის გასაჭირს. საქართველოს მთიანეთის სოფლები იცლება იმის გამო, რომ აღარ არსებობს სკოლები, ბაგა-ბაღები და ხშირ შემთხვევაში, სასურსათო მაღაზიებიც კი. ამ სოფლებში ეკლესია-სალოცავებიც ინგრევა და არავინაა მიმხედავი. ეს უნდა დასრულდეს“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიციის გეგმის მიხედვით, სოფლის პატრონი მისი მოსახლეობა იქნება.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მაღალმთიანი რეგიონის მცირეკონტინგენტიანი სკოლები გახდება, ყველა სოფელში აღდგება ბაგა-ბაღები და სკოლები.

„ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი. ამ გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამით სარგებლობას, მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და შეიქმნება სათანადო გარანტიები, გლეხებს ხელი შეეწყობათ მოსავლის აღებაში, დაბინავებაში, დასაწყობებაში, ბაზარზე გატანასა და გასაღებაში“- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე, ხოლო ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი.

ბეჭდვა