ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მხოლოდ ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა
ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი გუნდი სასწაულებს ვერ მოახდენს, მაგრამ რაც შესაძლებელია ყველაფერს გააკეთებს.
„რეალური პოლიტიკა და რეალური ნაბიჯები - ეს არის ის, რასაც გპირდებით და რასაც შევძლებთ კიდეც. ჩვენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ხალხის დაუკითხავად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა, თუმცა, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხისთვის არაფერი მოუტანია.
„მეზობელ სახელმწიფოსთან მოწესრიგებული ურთიერთოებები როგორ შეიძლება ვინმეს არ უხაროდეს, მაგრამ, როცა ხედავ რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, აუცილებლად გიჩნდება კითხვა - რატომ არსად, არცერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხელისუფლება თავისი ხალხის ინტერესებს. განა არ შეიძლებოდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედებით, მეზობელი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი შენი ხალხისთვისაც გამოსადეგი ყოფილიყო“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამის პასუხი ერთია - ხელისუფლებას არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეების ბედი, ის გადაწყვეტილებებს არ იღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ივანიშვილის განცხადებით, ეს უნდა დამთავრდეს და კოალიცია იქნება ის ხელისუფლება, რომელიც ამას შეძლებს.
