საქართველო ჩემი სამშობლოა და მის სიყვარულს ვერავინ ამიკრძალავს - აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ
მცხეთაში აქციაზე გააკეთა.
„საქართველოს გარდა ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. საქართველოა ჩემი სამშობლო და მის სიყვარულს ვერავინ ამიკრძალავს. მე აქ ვიცხოვრებ და ჩემი ხალხის სიყვარულში დავიხარჯები. მინდა ჩემს ხალხს ვემსახურო, გაჭირვებული ყოფა შევუმსუბუქო და ამისთვის ყველაფერს გავიღებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იგი 14 ივნისს ფშავს ესტუმრება და ჩარგალში ვაჟაობას დაესწრება, ასევე, შეხვდება დუშებსა და თიანეთელებს.
„დღეს მცხეთაში, უძველეს ქართულ მიწაზე შევიკრიბეთ, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. მთისა და ბარის ხალხი აქ საერთო გასაჭირმა შეგვყარა.თუ დროზე არ ვუპატრონეთ და მივხედეთ, ჩვენი სამშობლო შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მცხეთის მიწაზე ყველაზე მეტად იგრძნობა საქართველოს ისტორია და ამ მიწაზე დგომა ადამიანს უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს.
