პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციის მცხეთა-მთიანეთის აქციაზე ბევრ ხალხს ელოდება.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, კოალიციის მიერ გამართულ აქციებზე ხალხის რაოდენობრივი მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო.
ძიძიგურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ოზურგეთის აქციაზე სხვა აქციებთან შედარებით ცოტა ხალხი იყო, პროცენტულად მათი რაოდენობა თბილისსა და ქუთაისს აჭარბებდა.
„ვფიქრობ, რომ მცხეთა-მთიანეთის მასშტაბითაც იქნება ძალიან მაღალი პროცენტი, იმ ადამიანებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოისურვებენ“- აღნიშნა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, კოალიცია ხალხმრავალ აქციებზე პროვოკაციებს ნაკლებად ელოდება, რადგან მსგავსი შემთხვევები ძირითადად, სოფლის მასშტაბით გამართულ შეხვედრებზე ფიქსირდება.
„რათქმაუნდა, შესაძლებელია ხელისუფლებამ კიდევ სხვა პროვოკაციები მოიფიქროს. მათ ისე აქვთ მოწყობილი ტვინი, რომ მუდმივად პროვოკაციებზე ფიქრობენ. რომ არ ელოდო ამას მათგან გულუბრყვილო უნდა იყო, ველოდებით, თუმცა, მათი პროვოკაციების ვიღას ეშინია“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე დღეს 19:00 საათზე გაიმართება.
