გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთაკრში მოსახლეობის დაბრუნება დაიწყება. ამის შესახებ „ნიუსსპრეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს
ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე მთავრი დადებითი მოვლენა ის იყო, რომ ზარდიაანთკარში, რომელიც ომის შემდეგ მიტოვებულია, მოსახლეობის დაბრუნება დაიწყება, როგორც ეთნიკურად ქართველების, ასევე ეთნიკურად ოსების. დღემდე, ისინი გორის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხოვრობენ“ - აღნიშნა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის დაბრუნებამდე განაღმვითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რათა ტრაგიკული შეთხვევები თავიდან იქნეს აცილებული და მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება უსაფრთხოდ შეძლოს.
ამასთან, უტიაშვილის თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნა სოფელთან სრულიად კანონიერია და ეს ოსურმა მხარემაც კარგად იცის.
„შეშფოთების საფუძველი მათ ამ მხრივ არ აქვთ“ - აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.
დღეს ზარდიაანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჯგუფის საგანგებო შეხვედრა ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მოთხოვნით გაიმართა.
