ქდმ ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს
ქდმ ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს
15:08 01.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქცია ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო  პროგრამის მხარდაჭერას არ აპირებს.
როგორც ფრაქციის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, შესაკრებლის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე ყურადღების გამახვილება და ახალი სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღება ფასადური გადაწყვეტილებაა და არჩევნების წინ მოსახლეობის მოტყუებაზეა გათვლილი.
„უპორთფელო მინისტრის დამატება, რომელსაც 5-6 თანამშრომელი ეყოლება, არასერიოზულია ამ პრობლემის მოსაგვარებლად“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქცია დაახლოებით 2 წლის წინ აყენებდა საკითხს ახალი სტრუქტურის - დასაქმების სააგენტოს შექმნის შესახებ, რაზეც ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა უარი განაცხადეს.
ახალი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ხვალ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

ბეჭდვა