სოსო ცინცაძე - ვანო მერაბიშვილი არც მავრის როლს დათანხმდება და არც მედვედევის
სოსო ცინცაძე - ვანო მერაბიშვილი არც მავრის როლს დათანხმდება და არც მედვედევის
14:29 01.07.2012
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის შეფასებით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი არც მავრის და არც მედვედევის როლს არ  დათანხმდება. ამის შესახებ ცინცაძემ „ნიუსპრესს“ გუშინ განხორცილებული სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

„ფაქტია, რომ ქვეყანას უფრო ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და ეფექტური მენეჯერი სჭირდება, ვიდრე გილაური იყო. თვითონ მერაბიშვილის ფიგურა, არ იძლევა იმის საბაბს ვივარაუდოდთ, რომ ის იქნება ან მავრის როლში, რომელიც გაკეთებს თავის საქმეს და წავა, ან მედვედევის როლში. ჩემი აზრით ეს მისთვის მიუღებელია“ - მიაჩნია პოლიტოლოგს.

ამასთან, ცინცაძე ვარაუდობს, რომ მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები განხორცილდება, კერძოდ კი, დისკრედიტებულ და კომიკურ ფიგურებად ქცეულ მინისტრებს მერაბიშვილი თავის გუნდში ვერ აიტანს.

„არამგონია, ასეთი მენეჯერული გამოცდილების ადამიანმა ყველა მინისტრი თავის პოსტზე უცვლელად დატოვოს. პირველ რიგში, არამგონია მერაბიშვილი აღფრთოვანებული იყოს კალმახელიძის მინისტრობით, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ციხეებში პატიმრები ასაკის გამო ბუნებრივი სიკვდილით იხოცებიან, მაშინ როცა ირკვევა, რომ გარდაცვლილების საშუალო ასაკი 40 წელია. ასევე, მისთვის მიუღებელი იქნება ისეთი მინისტრები, რომელთა მოადგილეებს და სამმართველოს უფროსებს იჭერენ მექრთამეობისთვის და ამ დროს ამტკიცებენ, რომ მინისტრმა არაფერი იცოდა. ასევე, რამდენიმე თვეა სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვალა, თუმცა, სოფელს თუნდაც პატარა სიკეთე არ დასტყობია“ - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

მისივე შეფასებით, მერაბიშვილმა უკვე დაამტკიცა, რომ ის კარგი მენეჯერი, დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და არა მსუბუქი ჟანრის პოლიტიკოსი.

„ჟვანიას შემდეგ ჩვენ ძლიერი პრემიერი არ გვყოლია. სულ იყო რაღაც გაუგებრობები, გილაური კი - საერთოდ რად იქცა, ვერ გეტყვით. შესაბამისად, თუ ეს ნაბიჯი გათვლილია ხანგრძლივ დროზე და ახალი კონსტიტუციის პირობებშიც ვანო მერაბიშვილი დარჩება, ქვეყანას ძლიერი და ეფექტური პრემიერი ეყოლება“ - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.

ბეჭდვა