„მრავალეროვანი საქართველო“: დმანისის გამგებლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ფიქსირდება
„მრავალეროვანი საქართველო“: დმანისის გამგებლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ფიქსირდება
14:38 04.09.2017
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, „მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.


კერძოდ, ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპი-ების ხელმძღვანელებს და ითხოვს ააიპი-ების თანამშრომლებისგან (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მხარდამჭერთა სიაში.


„მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან აგვისტოს თვის დასაწყისიდან ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუ დაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისაგან მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო.


მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაც გარკვეულ ეჭვს ჰბადებს, რომ მსგავსი ქმედებები იძენს ტენდენციურ ხასიათს.
მომხვდართან დაკავშირებით, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.
ასევე „მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან“-აცხადებენ ორგანიზაციაში.
ბეჭდვა