ბაღათურია - მერაბიშვილი დე-ფაქტოდან დე-იურე პრემიერი გახდა და საარჩევნო კამპანია ჩაიბარა
ბაღათურია - მერაბიშვილი დე-ფაქტოდან დე-იურე პრემიერი გახდა და საარჩევნო კამპანია ჩაიბარა
13:20 01.07.2012
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ  სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ჩააბარა და ის პრემიერ-მინისტრი მოკლე ვადით იქნება.
„ეს არ არის რეალური ცვლილება. ყველამ იცის, რომ მერაბიშვილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების მეორე პირი ისედაც იყო და ახლა ის დე-იურე პრემიერი იქნება“ - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, სააკაშვილს აქვს შიში და ამასთანავე ეჭვები, რომლებიც უსაფუძვლო არ არის, სამთავრობო სტრუქტურებში რყევებისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ.
„ეს იყო იმპულსი ამ ხალხისთვის, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პირიქით ძლიერდება. ამასთანავე, ეს იყო სიგნალი იმისა, რომ არჩევნები ძალოვან-პოლიციურ რეჟიმში ჩაივლის, რაც მოულოდნელი არ ყოფილა“ - განაცხადა დეპუტატმა.
ბაღათურია ასევე გამორიცხავს, რომ მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის რაიმე უთანხმოება მოხდეს, რადგან „მერაბიშვილს სააკაშვილის გარეშე პოლიტიკური მომავალი არ აქვს და ეს მან იცის“.
„მერაბიშვილი სააკაშვილს არ გაემიჯნება, მიშა და ვანო სიმბიოზში მუშაობენ კარგად. მერაბიშვილს საარჩევნო კამპანია ჩააბარა და შემდეგ სააკაშვილი საბოლოოდ მიიტაცებს ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრის რანგში“ - განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, არც ის და არც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მერაბიშვილის მთავრობისთვის პარლამენტში მხარდაჭერას არ აპირებს.
„მათ აქვთ ერთი პროგრამა - როგორ იცხოვრონ და ატარონ დრო ხალხის ხარჯზე“ - განაცხადა დეპუტატმა.
მთავრობის ახალი შემადგენლოლბა და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება.

ბეჭდვა