პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შს ყოფილ
მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაუთმო.
„სააკაშვილის გადაწყვეტილება მინიშნებაა იმისა, რომ მერაბიშვილი შესაძლებელია იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ან პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებისა თუ ოპოზიციის ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება, აღარ იყოს პრემიერი და ეს პოსტი მერაბიშვილს დაუთმო“ - აღნიშნა ნაჭყებიამ „ნიუსპრესსთან“ საუბრისას.
მისივე შეფასებით, ორივე შემთხვევა სააკაშვილისთვის მომგებიანია და მას არჩევნების შემდგომ არსებული ვითარების შესაბამისად გამოიყენებს.
„არ მჯერა გავრცელებული ხმები, რომ მერაბიშვილი წასვლას აპირებდა და პრემიერად დანიშვნით სააკაშვილმა მას გული მოულბო. ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტის უერთგულესია და თუ მიხეილ სააკაშვილი დაინახვას შესაძლებლობას, რომ მას პრემიერ-მინისტრობა შეუძლია, ყოფილი შს მინისტრი მისთვის წინააღმდეგობა არ იქნება. თუ გადაწყვეტს, რომ დროებით უნდა გაეცალოს არსებულ ვითარებას და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდოს, ამ შემთხვევაშიც მერაბიშვილი მისთვის დამხმარე იქნება და არა ხელისშემშლელი“ - მიაჩნია ნაჭყებიას.
ამასთან, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნით ბოლო კოზირი გამოიყენა.
„ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ამ ქვეყანაში ისედაც ყველაფერს წყვეტდნენ და რეალურად ასრულებდნენ, როგორც პრემიერის ფუქციებს, ასევე, ბევრად მეტი ჰქონდათ საკუთარ თავზე აღებული. პრემიერად გადაყვანით კი, მიხეილ სააკაშვილმა მისი მოქმედება ლეგალური გახადა“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
